top of page
Search

ნაცადი მიდგომები გუნდის მაღალი შესულების ეტაპზე ხავერდოვნად გადასაყვანად

Writer's picture: Eka TabatadzeEka Tabatadze

Updated: Aug 22, 2024

ადამიანებს გვიჭირს საკუთარი თავის და შვილების მიმართ ობიექტურობის შენარჩუნება. ეს არაახალია. არც გუნდების შემთხვევაშია დიდი განსხვავება. ლიდერის მხრიდან გუნდის წევრების მიმართ, ხოლო გუნდის წევრებს შორის ერთმანეთის მიმართ მიჩვევა და მიკუთვნებულობა იწვევს სუბიექტურ დამოკიდებულებას. შესაბამისად გვიქვეითდება საკუთარი თავის და გუნდის შედეგების ობიექტური აღქმა.


ამით აიხსნება ის, რომ გუნდების 40% თვლის, რომ მაღალი ეფექტურობით ასრულებს თავის სამუშაოს, ანუ Performing ეტაპზეა.


ხოლო, ლიდერების 35% მიიჩნევს, რომ მისი გუნდი პერფორმანსის ფაზაშია [ჩემს მცირე გამოკითხვაში ეს მაჩვენებელი 60%-მდე ავიდა].


რეალურად კი, MIT Sloan School of Management-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით პერფორმანსის, ანუ მაღალი შერულების ეტაპზე გუნდების მხოლოდ 25%-ია.


Corporate Leadership Council (CLC)-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლებია, და მხოლოდ 10-15%-ია.


გუნდების განვითარების ფაზები


გუნდების განვითარების ფაზების დადგენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და აღიარებული მოდელი არის ბრიუს ტაკმანის 5 საფეხურიანი მოდელი: გაცნობა, კამათი, დაზავება, მაღალი შესრულება და დაშლა.


მოდი, დეტალურად განვიხილოთ ეს ფაზები და ის, თუ როგორ უნდა დააიდენტიფიცირო და მართო ისინი გუნდის ლიდერმა.


*აქვე პატარა გადახვევა: იგივე ფაზები გვხვდება ოჯახში თუ სამეგობროში. ნებისმიერი ორი ან მეტი ადამიანის ურთიერთობა გადის ამ ეტაპებს. აქაც, კიდევ უფრო მეტად ვიდრე ბიზნესში, მნიშვნელოვანია, რომ მალე მივიდეთ მაღალი შესრულების, იგივე წარმატებული თანაცხოვრების ეტაპამდე.


გაცნობა - Forming


გუნდის მახასიათებლები

ფორმირების ფაზაში გუნდის წევრები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ და შესაძლოა გაურკვეველი იყოს მათი როლები. ეს ეტაპი ხშირად ხასიათდება:

  • მოტივაციისა და ენთუზიაზმის მაღალი დონით

  • გაურკვევლობებით და ნერვიულობით

  • გუნდის წევრებს შორის ზედაპირული კომუნიკაციით და კონფლიქტებისგან თავშეკავებით

  • გუნდში გავრცელებულია ფიქრი: "როგორ დავუმტკიცო სხვებს ჩემი შესაძლებლობები?"


ლიდერის როლი

ამ ფაზაში ლიდერს უნდა ჰქონდეს მკაფიო ხედვა და მიზნები, რასაც გუნდის წევრებს ეფექტურად გაუზიარებს.


მნიშვნელოვანია მან შექმნას უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო, რათა გუნდის წევრებს მიეცეთ საშუალება გაიცნონ ერთმანეთი და გამოავლინონ თავიანთი უნარები.


ფორმირების ფაზაში ლიდერმა უნდა:

  • განსაზღვროს და გააცნოს გუნდის წევრებს თავიანთი როლები და პასუხისმგებლობები

  • ხაზი გაუსვას ღია კომუნიკაციის მნიშვნელობას

  • საფუძველი ჩაუყაროს გუნდის შემდგომ განვითარებას


კამათი - Storming


გუნდის მახასიათებლები

შტორმის ფაზაში გუნდის წევრები იწყებენ პიროვნული განსხვავებებისა და შეუთავსებლობის გამოვლენას. ხშირია კამათი საკუთარი პოზიციის თუ უპირატესობის დასამტკიცებლად.


როგორც გუნდისთვის, ასევე ლიდერისთვის ეს არის ყველაზე რთული და გამოწვევებით სავსე ფაზა, სადაც გუნდის წევრებმა შესაძლოა დაკარგონ მოტივაცია და ენთუზიაზმი. ამ დროს ხშირია:

  • უთანხმოებები

  • ერთმანეთის კომპეტენციის ეჭქვეშ დაყენება

  • ძალაუფლების მიტაცების ან ქვეჯგუფებში გადანაწილების მცდელობა

  • გუნდში გავრცელებულია ფიქრი: "მე უნდა დავუმტკიცო სხვებს ჩემი შესაძლებლობები!"


ლიდერის როლი

ამ ფაზაში ლიდერს სჭირდება კონფლიქტების ეფექტურად მართვა და კომუნიკაციის პროცესის ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ ლიდერმა:

  • მკაფიოდ ჩამოაყალიბოს თამაშის წესები

  • გუნდის წევრებს მისცეს საშუალება თავისუფლად გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები და გრძნობები

  • წაახალისოს გუნდის წევრებში ერთმანეთის მოსმენის და პატივისცემის კულტურა

  • გუნდის თითოეულ წევრს მისცეს დროული და ღირებული უკუკავშირი

  • გუნდის წევრების ფოკუსი გადაიტანოს კამათიდან - საერთო მიზნების მიღწევისკენ


ნორმირება - Norming


გუნდის მახასიათებლები

ნორმირების ფაზაში გუნდის წევრები იწყებენ კონფლიქტების დაძლევას, ყალიბდება ერთიანობა.


  • როლები და პასუხისმგებლობები უფრო გასაგები ხდება და გუნდის წევრები უფრო მეტად ენდობიან ერთმანეთს.

  • კომუნიკაცია უფრო ღრმა და კონსტრუქციულია, ხოლო თანამშრომლობა და მხარდაჭერა იზრდება.

  • გუნდში გავრცელებულია ფიქრი: "მე მაქვს უნიკალური უნარები და შესაძლებლობები, მაგრამ ასევე აქვთ ჩემ თანაგუნდელებს" 


ლიდერის როლი

ამ ფაზაში ლიდერის მიზანია გააძლიეროს გუნდის თანამშრომლობა და მოლოდინების შესაჯერებლად დანერგოს უფრო მეტად სტრუქტურირებული, გამჭირვალე პროცესები.

ამ ფაზაში ლიდერის მიმართ მოლოდინია, შეძლოს:

  • გუნდის წევრებში განწყობების დასტაბილურება. მათ მყარად უნდა იგრძნონ თავი თავიანთი როლებში და შეძლონ აიღონ როგორც გუნდური, ასევე პირადი პასუხისმგებლობები

  • გუნდის მოტივაციის შენარჩუნება, რათა მათ განაგრძონ საერთო მიზნების მიღწევა

  • გუნდის მიერ განვლილი გზის და პროგრესის აღიარება/დაფასება

  • გუნდის წევრების პროფესიული ზრდა და განვითარება

  • ისეთი კულტურის ჩამოყალიბება, რომ ყველამ თავი იგრძნოს დაფასებულად


პერფორმანსი - Performing


გუნდის მახასიათებლები

პერფორმანსის ფაზაში გუნდი უკვე კარგად მუშაობს, მაღალი პროდუქტიულობის დონეზეა და წარმატებით აღწევს თავის მიზნებს. გუნდის წევრები ეფექტურად საქმიანობენ ინდივიდუალურად, თუმცა ასევე ეფექტურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, იღებენ გადაწყვეტილებებს და ეხმარებიან ერთმანეთს. ამ ეტაპზე გუნდი ყველაზე მეტად თვითორგანიზებული, მოტივირებული და დამოუკიდებელია.

გუნდში გავრცელებულია ფიქრი: "ჩვენ ვაბალანსებთ ერთმანეთს ჩვენი უნარებით და ერთად ვქმნით ახალ შესაძლებლობებს" 


ლიდერის როლი

ამ ფაზაში ლიდერი უნდა შეეცადოს შეინარჩუნოს გუნდის მაღალი პერფორმანსის დონე, და კიდევ უფრო მეტად იმუშაოს მათ მოტივაციზე და კმაყოფილებაზე, რათა გუნდი არ დადგეს სტაგნაციის საფრთხის წინაშე.


ამ ეტაპზე ლიდერმა ხელი უნდა შეუწყოს გუნდის წევრებს:

  • დამოუკიდებლობასა და პროფესიულ განვითარებაში

  • მათთვის მნიშვნელოვანი დამატებითი საქმიანობის განხორციელებაში, როგორიცაა მაგალითად გუნდის ნაკლებად გამოცდილი წევრების სწავლება

  • დარგობრივი ცოდნის გაღრმავებაში, სასურველ საინტერესო ქვე/გვერდით პროექტზე მუშაობაში

  • წინა პერიოდში მათ მიერ გაწეული სამუშაოს გადახედვასა და გაუმჯობესებაში


დაშლა - Adjourning


გუნდის მახასიათებლები

დაშლის ფაზა ხასიათდება გუნდის პროექტის ან სამუშაოს დასრულებით და გუნდის წევრების სხვა პროექტებზე გადართვით.


ამ ფაზაში გუნდის წევრებს შესაძლოა გაუჩნდეთ გრძნობები, როგორიცაა დანაკარგის განცდა ან დაუკმაყოფილებლობა, თუ მიზნები ვერ იქნა მიღწეული, ან სინანული და გულისწყვეტა, თუ გუნდი კარგად შეთამაშდა და შეძლეს დაგეგმილი შედეგების/წარმატების მიღწევა.


ლიდერის როლი

ამ ფაზაში ლიდერის მხრიდან საჭიროა გუნდის წარმატებების აღნიშვნა და თითოეული წევრის წვლილის დამსახურებული აღიარება.


მნიშვნელოვანია, რომ ლიდერმა ხელი შეუწყოს გუნდის წევრებს ახალ პროექტებში ჩართვაში და ამავდროულად ურთიერთობების შენარჩუნებაში სამუშაო გარემოს მიღმა.


ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ დაშლის ფაზა ახალი შესაძლებლობების დასაწყისიცაა და ლიდერმა საჭიროა გუნდის წევრებს მისცეს მოტივაცია, რომ ახალ გამოწვევებს წარმატებით გაართვან თავი.


დასკვნა

გუნდების განვითარების ფაზების სწორად იდენტიფიცირება და მართვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ლიდერისთვის. თითოეული ფაზის სწორად მართვა საშუალებას გაძლევთ გუნდი გახდეს უფრო ძლიერი, პროდუქტიული და ეფექტური.


და ბოლოს, ის ლიდერები, რომლებიც ზრუნავენ ადამიანებზე, ადრე თუ გვიან აუცილებლად აღწევენ დიდ შედეგებს. ამიტომ:

Leave People Better Than You Found Them

ამ მიდგომას ჯერ არცერთხელ არ დავუღალატებივარ.




From Forming to High Performing Teams
High Performance



8 views0 comments

Comments


©2024 შექმნილია Cando-ს მიერ.

bottom of page