განმარტება
სტატიაში, ყველგან სადაც ნახსენები იქნება ორგანიზაცია, შეგიძლიათ მოიაზროთ როგორც კერძო კომპანია, ასევე სახელმწიფო და ასევე ოჯახი, თუნდაც ერთ წევრიანი. ყველგან სადაც იქნება ნახსენები - გუნდი, შეგიძლიათ მოიაზროთ შვილები ან თქვენზე დამოკიდებული პირები.
შესავალი
სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები, გლობალური ეკონომიკა და საზოგადოების მოლოდინები ერთმანეთზე მჭიდროდ არის გადაბმული, ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატება ან მარცხი ხშირად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გონივრულად და დინამიურად მართავს ის თავის რესურსებს, ინვესტიციებს და შესაბამისად რისკებს.
რისკების მართვა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური ანგარიშების სწორად კეთებით ან სადაზღვევო კონტრაქტების არსებობით. არამედ ის მოიცავს ინვესტირებას იმ მიმართულებებში, რომლებიც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს კონკურენცია გაუწიონ სხვა მოთამაშეებს და გადარჩნენ მომავალში.
ინვესტირების სტრატეგიული არჩევანი მოიცავს არა მხოლოდ ახალ ტექნოლოგიებს ან თანამშრომლების განათლებას, არამედ ის გადის სიღრმისეულ სულიერ და სოციალურ ფასეულობებზე.
ტექნოლოგიის მიღმა, ორგანიზაციებს სჭირდებათ ინვესტიცია მყარ და ლიკვიდურ [კლასიკურ თუ თანამედროვე] აქტივებში, ადამიანურ კაპიტალში და მათთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი განვითარების შესაძლებლობის უზრუნველყოფაში. გამოვყოფდი ხუთ მნიშვნელოვან საინვესტიციო შესაძლებლობას:
ახალი ტექნოლოგიები
განვითარებული გუნდი
განვითარებული ლიდერები
მყარი აქტივები
ციფრული აქტივები
თუ ინვესტირების ამ შესაძლებლობებს ვუგულვებელვყოფთ და გვერდზე გადავდებთ, ორგანიზაციები აღმოჩნდებიან კონკურენციის მორევში, რომელიც მათთვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.
ახალი ტექნოლოგიები
ახალი ტექნოლოგიების ათვისება და ინოვაციების დანერგვა ორგანიზაციების "პატარა საიდუმლო იარაღია," რაც მათ საშუალებას აძლევს მაქსიმალური სისწრაფით და ეფექტურობით იმოქმედონ. იქნება ეს ავტომატიზაციის დანერგვა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, თუ მონაცემების უფრო ღრმა ანალიზი – ტექნოლოგიური ინვესტიციები საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს გახდნენ ბაზარზე ლიდერები.
არსებობს რისკიც: ტექნოლოგიის სწრაფმა განვითარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ განხორციელებულმა ინვესტიციამ სწრაფად დაკარგოს ღირებულება, თუ ლიდერთა გუნდმა წინასწარ არ გაითვალისწინა გარდაუვალი ცვლილებები. იმ ორგანიზაციებისთვის, კი ვინც არ ინვესტირებს ტექნოლოგიაში, საფრთხეა, რომ დარჩეს გაუმართავი სისტემებით, რაც გამოიწვევს მათ ჩამორჩენას და შესაბამისად ბაზარზე ზიანის გაღრმავებას.
გუნდის განვითარება
რამდენადაც ტექნოლოგია მნიშვნელოვანია, მისი მართვა მაინც ადამიანებზეა დამოკიდებული. სწორედ თანამშრომელთა ცოდნის ზრდა ქმნის იმ ბაზას, რომელზეც ორგანიზაცია თავის მომავალს აშენებს. ინვესტიცია თანამშრომლების განათლებაში არ ნიშნავს მხოლოდ პროფესიული კურსების ღირებულების გადახდას, ეს გულისხმობს გუნდის მოტივაციის ამაღლებას და ორგანიზაციაში ზრდის პერსპექტივების შექმნას.
სამწუხაროდ, განათლებაში და განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია ხშირად არ იძლევა მყისიერ უკუგებას. უფრო მეტიც, არსებობს რისკი, რომ კვალიფიცირებული გუნდის წევრები ახალ შესაძლებლობებს მოძებნიან და სხვაგან წავლენ. მაგრამ ეს რისკი, გრძელვადიან პერსპექტივაში, გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე ის, რომ ჩამორჩენილი გუნდის წევრებით ეცადო გაიმარჯვო მძლავრი კონკურენციის პირობებში.
ლიდერების განვითარება
იმისათვის, რომ ორგანიზაციებმა გადალახონ კრიზისები და მომავლის გამოწვევებს წარმატებით გაუმკლავდნენ, აუცილებელია მმართველი გუნდის მუდმივი განვითარება. ძლიერი ლიდერები ქმნიან სტრატეგიულ მიზნებს, ნერგავენ ეფექტური მართვის პრაქტიკებს, ახდენენ დროულ და საჭირო ცვლილებებს ორგანიზაციულ კულტურაში. ხშირად ორგანიზაციები დიდ დროს და რესურსს უთმობენ გუნდის განვითარებას, მაგრამ ავიწყდებათ ან ვერ იცლიან იმისათვის რომ ინვესტიცია ჩადონ ლიდერების განვითარებაში, რაც სტრატეგიული შეცდომაა.
თუ კომპანიები მენეჯმენტის განვითარებაში არ ინვესტირებენ, ისინი საფრთხეს უქმნიან საკუთარ სტრატეგიასა და მმართველობას. თანამედროვე ხედვის და განათლების არ მქონე ლიდერები ვერ ასრულებენ აუცილებელ ამოცანებს და აფერხებენ ორგანიზაციების ზრდას
მყარი აქტივები
უძრავი ქონება და მყარი აქტივები არა მხოლოდ ფინანსური უსაფრთხოების და ორგანიზაციული სტაბილურობის გარანტია, არამედ სოლიდურობის სიმბოლოცაა. კომპანიებს, რომლებიც ფლობენ უძრავ ქონებას, ხშირად უფრო მარტივად შეუძლიათ კრიზისული პერიოდის გადალახვა.
თუმცა, უძრავი ქონების შეძენა (სწორ აქტივში ინვესტირება) ასევე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამავდროულად, შესაძლოა ბაზრის მკვეთრი ცვლილებები მისი ღირებულებაზე მნიშნველოვნად აისახოს. ასევე რთულია კრიზისულ ვითარებაში ამ ქონების რეალური ღირებულების სწრაფი კონვერტაცია სხვა ღირებულებაში.
ციფრული აქტივები
ციფრული აქტივების, უფრო კონკრეტულად კი ისეთი კრიპტოვალუტის მნიშვნელობა როგორიცაა ბიტკოინი, მთელ მსოფლიოში ძალზედ სწრაფად იზრდება. ამ აქტივში ინვესტირება ზრდის ორგანიზაციის ფინანსურ მოქნილობას, ამცირებს ტრანზაქციების ხარჯებს და ინოვაციების დანერგვის საშუალებას იძლევა ფინანსურ ოპერაციებში.
მათი მაღალი ვოლატილობა, გადაწყვეტილების მიმღებ პირებში შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების არ ქონა და რეგულაციების არასრულყოფილი სისტემა ქმნის გარკვეულ ფინანსურ რისკებს.
შედეგები
თუ ორგანიზაციები ვერ ხედავენ ინვესტირების სტრატეგიულ მნიშვნელოვნებას და არ მართავენ შესაძლებლობებს გონივრულად, შედეგები აუცილებლად დადგება, და თანაც უარყოფითი.
დაიკარგება კონკურენტული უპირატესობა, დაქვეითდება გუნდის წევრების მოტივაცია და ფინანსური მდგრადობა გაუმჯობესების ნაცვლად, მკვეთრად შეირყევა.
#ინვესტირება #ბიზნესსტრატეგია #რისკებისმართვა #ინოვაცია #ტექნოლოგიურიადაპტაცია #თანამშრომლებისგანვითარება #კომპანიები #მომავალი #დაგეგმვა #უძრავიქონება #აქტივები #ციფრულიაქტივები #ინვესტიცია
![](https://static.wixstatic.com/media/1dddb1_8814c6fb66c4448784fb13f6012e0f9f~mv2.png/v1/fill/w_980,h_292,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_auto/1dddb1_8814c6fb66c4448784fb13f6012e0f9f~mv2.png)
Comentarios